ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში,
თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებს, გამოკითხულთა 27% მასში მონაწილეობაზე თანახმაა.
აღნიშნულის შესახებ დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას აღნიშნა.
კითხვაზე - არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებას დაუჭერდით თუ არა მხარს - გამოკითხულთა 27% აცხადებს - დიახ, არას - 53%, არ ვიცი - 19%, პასუხზე უარი მხოლოდ 2%-მა განაცხადა.
ნავაროს თქმით, საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით NDI-ის დაკვეთით კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.
კვლევის პროცესში, რომელიც საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა, სულ 6 299 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
