შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო სადაზღვევო პოლისების დარიგებას 15-16 ივლისს დაიწყებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები დაზღვევის პოლისით სარგებლობას 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, 1 სექტემბრიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათსამდე პენსიონერი ისარგებლებს. მისი თქმით, პოლისს 100 ათასამდე სტუდენტი და 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი მიიღებს.
„რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის სადაზღვევო პოლისების დარიგებს დაიწყებს. პოლისები მოსახლეობის იმ ნაწილს დაურიგდება, რომლებიც დაზღვევის მომსახურებით დღემდე ვერ სარგებლობდნენ“ - განმარტა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პოლისების დარიგების პროცესი 15-16 ივლისს დაიწყება. პენსიონერების ის ნაწილი, რომელიც პენსიას „ლიბერთი ბანკში“ იღებს მას პენსიასთან ერთად აიღებს.
„ვისთანაც პენსია „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით მიჰქონდათ, პოლისს სახლში მიიღებს. ასეთივე მომსახურებით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“ - განაცხადა პრესსპიკერმა.
რაც შეეხება ბავშვებსა და სტუდენტებს, ისინი სადაზღვევო პოლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრირებული მისამართის მიხედვით მიიღებენ, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები პოლისის აღებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში შეძლებენ.
მანჯგალაძის თქმით, პოლისებს მოსახლეობა ეტაპობრივად მიიღებს და მათი დარიგების პროცესი 1 სექტემბრისთვის დასრულდება.
