ბინათმესაკუთრეებმა მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართებიდან აფხაზეთიდან დევნილების განსახლების მოთხოვნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, დევნილები მათ ბინებში უკანონოდ არიან შეჭრილი.
როგორც ბინათმესაკუთრეთა ადვოკატმა ევტიხი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი ამ ბინების მესაკუთრეები არიან და ამის დამამტკიცებელი ყველანაირი დოკუმენტი აქვთ.
„რამდენიმე წელია ველოდებით, რომ ჩვენს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრების საშუალება მოგვეცემა. თუმცა, ამაოდ. ვითხოვთ ლტოლვილთა და განსახლების ახალ მინისტრთან დალი ხომერიკთან შეხვედრას, რადგან იმედი გვაქვს, რომ ის არ გაიმეორებს წინამორბედის კობა სუბელიანის გზას და ჩვენს მოთხოვნებს სათანადო ყურადღებას დაუთმობს“ - განაცხადა ბენდელიანმა და დასძინა, რომ მათ ბინებში შეჭრილი დევნილები თაღლითები არიან.
მისი თქმით, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში ბინებში ცხოვრობს ორი - კვანჭიანებისა და მანიების თაღლითური ჯგუფი. რომლებიც, მისივე თქმით, თავად აცხადებენ, რომ მთავრობასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მფარველები ჰყავთ და, რომ ისინი აღნიშნულ ბინებს არ დატოვებენ.
ბინათმესაკუთრეები ლტოლვილთა და განსახლების ახალმა მინისტრმა დალი ხომერიკმა თავისთან მიიწვია. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობაში იმყოფებიან.
