ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ველური სელის დართვის პირველი ნიმუში იმ ათ აღმოჩენას შორისაა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს
ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ველური სელის დართვის პირველი ნიმუში იმ ათ აღმოჩენას შორისაა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს
19:14 09.07.2012
ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ზედაპალეოლითური ხანის ველური სელის დართვის პირველი ნიმუში, იმ ათ ყველაზე დიდ აღმოჩენათა სიაში  შევიდა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს.
,,ახლახანს შეგვატყობინეს, რომ ამერიკელმა მკვლევარებმა და მეცნიერებმა დაასახელეს 10 ისეთი არქეოლოგიური ღირებულება, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში შეიტანეს ღირებული ცვლილება. აქ შესულია პირველი იარაღის დამზადება, პირველი სამკაულის გაკეთება, ამავე სიაში შევიდა ძოძუანას აღმოჩენა, როდესაც პირველად დაირთო ველური სელისგან ძაფი“ – აღნიშნა არქეოლოგმა თენგიზ მეშველიანმა, რომელიც ძოძუანას გამოქვაბულის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.
სელის დართვის პირველი ნიმუში ძოძუანას მღვიმეში ექსპედიციამ 2009 წელს აღმოაჩინა. პალეონტოლოგმა ელისო ლაბაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები დაინახა.
კვლევამ უნიკალური მონაცემები დაადასტურა. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, რომელიც ჭინჭრისგან იყო დამზადებული, აღმოჩენილი იქნა ჩეხეთში, რომელიც ძვ.წ. 29 000 წლით თარიღდება. ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ძაფის ბოჭკოები კი, 32 000 წლის წინანდელია. შეიძლება ითქვას, რომ იგი პრეისტორიული ხანის უძველესი სელის ძაფია.

ბეჭდვა