„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი კახა კალაძის მიერ წარდგენილ სატრანსპორტო
პოლიტიკას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა, რათა ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს.
“ქალაქს რომელსაც არაერთი საერთაშორისო კომპეტენტური გამოცემა რეკომენდაციას უწევს, როგორც ტურისტების მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, შესაბამისი ევროპული სტანდარტის სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება. ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება. ვფიქრობ ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურეობის კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს.
გულწრფელად განვიცდი იმას, რომ მერიის ახალი გუნდისადმი ოპონირება არა საუკეთესო გადაწვეტილებების ძიებაზე, არამედ დაპირისპირებების შექმნაზეა ორიენტირებული. არც დღევანდელმა შესანიშნავმა პრეზენტაციამ ჩაიარა როყიო განცხადებებით პოზიტიურის გადაფარვის მცდელობის გარეშე. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაც მეტი იქნება ინიციატივები, უფრო აგრესიული გახდება უმცირესობაში დარჩენილთა აქტივობები. დარწმუნებული ვარ კახის მეთაურობით მერიის პროფესიონალური გუნდი ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წამოძახილებისგან”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
