საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ
ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ადამიანების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფიო კილაძეც ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათი თვალით დანახულ სხვადასხვა პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა მოზარდებში, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო სოლიდარული გახდეს. რა შეუძლია გააკეთოს მოზარდმა თანატოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორ უნდა იქცეოდნენ მშობლები ოჯახში უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად, რა სჭირდებათ მოსწავლეებს მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან და საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ, დაცულად გრძნობდნენ და საკუთარი იდეების რეალიზება შეძლონ, გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა უფროსების მიმართ. ამასთან, როგორ ხედავენ განათლების სისტემის განვითარებას, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს დაიცვას როგორც საკუთარი, ისე თანატოლების უფლებები.
მოსწავლეების შეფასებით, შეხვედრა მათთვის ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების გზებიც.
როგორც ცნობილია, შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან მთელი რიგი საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება, რათა სკოლა უფრო მეტად სწავლაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.
მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშვები, ვის მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობებია მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარემ სოფიო მოსწავლეები პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის განხილვაზეც მიიწვია.
