საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის საერთაშორისო ექსპედიციამ იმერეთის მხარეში, საწურბლიას გამოქვაბულში თიხა-ტკეპნილი იატაკებით საცხოვრებლის უძველესი დონე აღმოაჩინა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანის კვალი, ზედაპალეოლითის პერიოდიდან დაახლოებით 15 ათასი წლით თარიღდება.
მათი ინფორმაციით, მთელ ამიერკავკასიაში მსგავსი მნიშვნელობის აღმოჩენა არსად ფიქსირდება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევარები საწურბლიას გამოქვაბულს ერთობლივად იკვლევენ. საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიცია თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით, ქართულ ძეგლზე 2008 წლიდან მუშაობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამა, როგორც უძრავ-მოძრავი, ასევე, მიწისქვეშა არქეოლოგიური ძეგლების კვლევას, შესწავლას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
