საქართველოში სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვა იწყება
საქართველოში სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვა იწყება
09:10 09.07.2012
დღეიდან საქართველოში სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვა იწყება.
სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის მიზანი სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობაა.  მონაცემები სხვადასხვა უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

სამუშაოს მაძიებლად ითვლება 15 წლის ან უფროსი ასაკის პირი, რომელსაც არ აქვს ან ეძებს სამსახურს, ან აქვს და მზად არის სხვა სამუშაო შეასრულოს. ამასთანავე, 15-დან 18 წლამდე მაძიებლისთვის საჭიროა მშობლის ან მეურვის თანხმობა.

აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრები სამხედრო პირები, საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში ან პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები და სკოლის მოსწავლეები.

პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარები, რომელთაც ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართზე მცხოვრები ოჯახები შეავსებენ, ადგილზე ვიზიტების მეშვეობით.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითია და უფასო. პროგრამის განხორციელება 9 ნოემბერს დასრულდება.

ბეჭდვა