უწმინდესმა საზეიმო წირვა ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღავლინა
უწმინდესმა საზეიმო წირვა ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღავლინა
15:31 07.07.2012
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, იოანე ნათლისმცემლის შობის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ავჭალაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღავლინა.
პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ქადაგებაში ქვეყნის გადარჩენაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყნის გადასარჩენად ერთმანეთისთვის დახმარების აღმოჩენაა საჭირო.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს ქრისტიანები ვაცხადებთ, რომ მართლმადიდებელი მოღვაწეები ვართ, მაგრამ სინამდვილეში სულიერი ცხოვრებისგან ძალიან შორს ვდგავართ.
„პავლე მოციქული ამბობს - ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ, თუ გვინდა ცხონება და გვინდა საქართველოს გადარჩენა. ერთმანეთს დავეხმაროთ და ასე გადარჩება სრულიად საქართველო. წმიდა იოანე ნათლისმცემელი ჩვენთან ერთად არის, ჩვენთან ერთად აღავლენს ლოცვებს ჩვენთვის და საქართველოს გადასარჩენად“ - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
უწმინდესი და უნეტარესი ქადაგებისას წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებასაც შეეხო და ბრძანა, რომ იგი უდიდესი მოღვაწე და წინასწარმეტყველი იყო.
წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იოანე ნათლისმცემლის სახელზე პარაკლისი გადაიხადა.




ბეჭდვა