„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პეტიციების ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად, მერიას რჩევებს სთავაზობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პეტიციების ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად, მერიას რჩევებს სთავაზობს
12:08 07.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის ახალი პეტიციების ვებ-გვერდის ChemiTbilisi.com-ის ამოქმედებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლები პეტიციის ხელმოსაწერად ვებ-გვერდზე დარეგისტრირდნენ.
„აღმოვაჩინეთ, რომ საიტი არის ძალიან კარგად შემუშავებული და გამოსაყენებლად იოლი. რეგისტრაციის გავლა ხდება სწრაფად და მარტივად. ChemiTbilisi.com მოგვაგონებს სხვა მსგავს პეტიციების ვებ-გვერდებს, როგორიცაა ობამას ადმინისტრაციის „ჩვენ, ხალხი“, როდესაც ვებ-გვერდზე ჩნდება იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი პეტიციას“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ საიტის მომხმარებლებს ასევე მარტივად შეუძლიათ საკუთარ პეტიციას მიაბან სურათები და ვიდეოები, ასევე გააზიარონ ისინი Facebook-ის, Twitter-ის და ელფოსტის საშუალებით.
ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები წაახალისებენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ვებ-გვერდზე განთავსებულ პეტიციებზე, საიტი კი მცირე ხანში პოპულარული გახდება.
„ChemiTbilisi.com არის წარმატებული პირველი ნაბიჯი, თუმცა, ჩვეულებისამებრ, გვაქვს რამოდენიმე რჩევა მის გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, არაა ნათელი, თუ რა კრიტერიუმით ხდება კონკრეტული პეტიციისათვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობის განსაზღვრა. ასევე არ ვიცით, თუ რა მოთხოვნები დააწესა მერიამ პეტიციებისათვის პასუხის გაცემასა და შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით“- აცხადებენ ორგანიზაციაში და მოუწოდებენ თბილისის მერიას, რომ განმარტონ მსგავსი საკითხები, რათა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც ვებ-გვერდის გამოყენებით ხელს აწერენ ან თავად ქმნიან პეტიციას.
ვებ-გვერდმა ChemiTbilisi.com ფუნქციონირება 4 ივლისს თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო. მისი საშუალებით თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დაწერონ პეტიციები და მოითხოვონ შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ქალაქის თვითმმართველობისაგან. იმ შემთხვევაში, თუკი ხელმოწერისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეგროვდება, მერია პეტიციაზე რეაგირებას მოახდენს.

ბეჭდვა