მართლმადიდებელი სამყარო დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება.
როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ შეეძინათ.
ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“.
შეძწუნებული ზაქარია ზეციური მახარობლის სიტყვებში დაეჭვდა, რისთვისაც მას სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა. ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩააკითხა.
ჩვილის დაბადებიდან მერვე დღეს, აპირებდნენ მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ. ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, მათთვის ენიშნებინა, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც მოითხოვა ფიცარი მასზე სახელი იოვანე დაწერა, რის შემდეგადაც ზაქარიას მეტყველების უნარი დაუბრუნდა. ჩვილს კი მიმართა - „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა, მეფე ჰეროდემ ბრძანა: მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. ელისაბედმა ეს რომ შეიტყო შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა, ზაქარია კი, იერუსალიმში დარჩა.
ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა და ყრმის ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვა. მამამ უპასუხა, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, რისთვისაც ის ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.
