თბილისის მერი ოპოზიციას: ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრებიდან უნდა შედიოდეთ თუ რაიმეს კეთების სურვილი გაქვთ
თბილისის მერი ოპოზიციას: ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრებიდან უნდა შედიოდეთ თუ რაიმეს კეთების სურვილი გაქვთ
17:20 15.12.2017
თბილისის მერი კახა კალაძე ნებისმიერ პირთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა იფიქრონ არა ქულების დაწერაზე, არამედ თბილისისთვის სასიკეთო საქმეებზე.

როგორც დედაქალაქის მერმა საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას უნდა ითხოვდნენ.

“მე და ჩემი გუნდი ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს - ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში წლების განმავლობაში.

მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათული წლის მანძლზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოების და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას.

მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას - ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლით სავსე ქალაქზე, თქვენ არ გსიამოვნებთ. ჩემო მეგობრებო, კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ ეს, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას. დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე მართლაც ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრებიდან უნდა შედიოდეთ თუ რაიმეს კეთების სურვილი გაქვთ. არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო არც ეს არ არის პრობლემა - საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით - ეგეც წაადგება დედაქალაქს.

შეგახსენებთ, ჩემს გუნდს ურთულესი ამოცანა უდგას წინ, რომელსაც აქვს ორი გზა:პირველი კვლავ გარდამავალი პერიოდის ფორმატში, ეპიზოდური, სამეურნეო პრობლემები გადაუწყიტოს მოსახლეობას, ან ძირეული ცვლილებების ფონზე მისცეს დასაბამი დედაქალაქში წესრიგის დამყარებას!!!

და მაინც, ყველა პრობლემის გადაწყვეტა იწყება განწყობიდან. ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება - შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი!“-განაცხადა კახა კალაძემ.


ბეჭდვა