ნიკოლოზ რურუა - პატრიარქის სამმაგი იუბილე ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს
ნიკოლოზ რურუა - პატრიარქის სამმაგი იუბილე ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს
16:45 06.07.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამმაგი იუბილე ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს.
ამის შესახებ დღეს კულტურისა და ძეგლთადაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„წელს მისი უწმინდესობის სამმაგი იუბილეა – 35 წელი სრულდება მისი აღსაყდრებიდან, 50 წელი სრულდება სასულიერო ცხოვრებაში მოღვაწეობის და 80 წელი მისი დაბადებიდან. ამიტომ, სახელმწიფომ და საპატრიარქომ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტა სამმაგი იუბილის ჩატარება. მისი უწმინდესობის საქმიანობა იმსახურებს, რომ იუბილე ღირსეულად აღინიშნოს“ – განაცხადა რურუამ.
კულტურის მინისტრის თქმით, დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ 10 დღეში ერთხელ შეიკრიბებიან და საიუბილეო ღონისძიებებს დაგეგმავენ.
„ღონისძიბების ფარგლებში მოხდება, როგორც ისტორიული, ასევე მისი უწმინდესობის პირადი არქივიდან მისი ქადაგეგებების და ეპისტოლეების გამოცემა, მისი ნაწარმობების შესრულება სხვადასხვა ფორმით“ – აღნიშნა რურუამ.
დღეს პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ.

ბეჭდვა