დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო
ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ.
„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიასთან ერთად, ახალი წლის დღეებში ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ბაღები და სკვერები სადღესასწაულოდ მოირთვება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კი, დღესასწაულს 70 სტარტაპერი მოაწყობს; დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში, კონცერტები და საახალწლო მსვლელობები გაიმართება, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები.
კახა კალაძის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ.
