სასტუმრო ,,ლაერტონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის
აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“ გაიმართა.
კონფერენცია ორ ძირითად საკითხს მოიცავდა: სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში და ტურიზმი, ახალგაზრდები და ქართული პროდუქცია მშვიდობის მშენებლობაში.
კონფერენციის მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, „Proactive group Georgia“-ს ხელმძღვანელი, ევროპის ახალგაზრდა ელჩი გიორგი აგირბაია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანია.
