დავით ბაქრაძე - პატრიარქის საიუბილეო წელი მთელმა ქვეყანამ უნდა აღნიშნოს
დავით ბაქრაძე - პატრიარქის საიუბილეო წელი მთელმა ქვეყანამ უნდა აღნიშნოს
14:49 06.07.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის საიუბილეო წელი მთელმა ქვეყანამ უნდა აღნიშნოს.  
„წელს საიუბილეო წელიწადია, ეს არის ის თარიღი და მოვლენა, რომელიც მთელმა საქართველომ უნდა აღნიშნოს. ამიტომ, ჩვენი მიზანი და ამოცანაა ქართველმა ხალხმა, ყველა მართლმადიდებელმა ღირსეულად აღნიშნოს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი თარიღი“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კომისიის მიერ დანიშნული ყველა ღონისძიება საპატრიარქოსთან იქნება შეთანხმებული.
პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას მეუფეები, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, ფინანსთა მინისტრი დავით გვინდაძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი და კომისიის სხვა წევრები ესწრებიან.
კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

ბეჭდვა