„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში სასურსათო პროდუქციაზე დაწესებულ მაღალ ფასებს აპროტესტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ მაღაზიების „ნიკორასა“ და „იოლი გასტრონომიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-ბრიფინგი გამართა.
ჯიბლაძის განცხადებით, მაღაზიებში პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასები განპირობებულია იმით, რომ სურსათის შემომტან კომპანიებს ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ.
„მაღაზიებში ცეცხლის ფასი აქვს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სასურსათო პროდუქტებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ სააკაშვილის ლობირებით ამ ბიზნესებს კეზერაშვილის, ჩოჩელის, გოგელიასა და გივი თარგამაძის მონოპოლიური, სურსათის შემომტანი და მწარმოებელი კომპანიები აკონტროლებენ“ - განაცხადა ჯიბლაძემ.
მან სტატისტიკაც მოიშველია და განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც შიმშილობის გამო დაავადნენ.
ჯიბლაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, მათი რიცხვი გაიზრდება.
მან ასევე, აღნიშნა, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტში კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ, თუმცა, პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი არ განუხილავს.
ჯიბლაძის თქმით, ხელისფლებაში მოსვლის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტია“ დაშლის ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიებს და სასიცოცხლო პროდუქებზე დაბალ ფასებს დააწესებს.
