ცაგერის მერმა შესაბამის ორგანოებს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა დაავალა
ცაგერის მერმა შესაბამის ორგანოებს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა დაავალა
10:19 04.12.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრისას გაირკვა, ამინდის გაუარესებისთანავე, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, რაც ელექტროქსელისა და ელექტროდანადგარების გაუმართაობითაა გამოწვეული.

მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ შესაბამის ორგანოებს პრობლემის აღმოფხვრა და მოსახლეობაზე ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობის კონტროლი დაავალა.

“ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ელექტრომომარაგების მდგომარეობით. გაირკვა, რომ ამინდის გაუარესებისთანავე ხშირია მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტები. ამასთანავე, უმეტეს შემთხვევაში ჭიანურდება დაზიანების ლიკვიდაცია და ვერ ხდება ელექტროენერგიის დროული მიწოდება, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით, მერიაში მოწვეული იქნა დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის, ცაგერი-ლენტეხის სერვის-ცენტრის მენეჯერი მირზა მესხორაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის მოადგილე დავით გვიშიანი და სხვა პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ. გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები ძირითადად გამოწვეულია ელექტროქსელისა და ელექტროდანადგარების გაუმართაობით.
მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ დაავალა მირზა მესხორაძეს, სასწრაფოდ მიიღოს საჭირო ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი დასმული იქნება შესაბამის ზემდგომ ორგანოებში. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის, ცაგერი-ლენტეხის სერვის-ცენტრის მენეჯერის განცხადებით, ამ ეტაპზე მიიღებული იქნება ყველა ზომა მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გააქტიურებისათვის, ხოლო უახლოეს მომავალში დაწყებული იქნება მუნიციპალიტეტის ელექტროქსელების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები. მერმა დავალება მისცა მერიის შესაბამის სამსახურებსაც- განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მოსახლეობაზე ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა და მუდმივი კონტაქტი აწარმოონ ენერგოკომპანიასთან“-განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

ბეჭდვა