საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი პედაგოგებისთვის ტრენინგებს იწყებს
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი პედაგოგებისთვის ტრენინგებს იწყებს
09:11 06.07.2012
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დღეს პედაგოგებისთვის ტრენინგების კურსს იწყებს.

მოსამზადებელი კურსი საგანმანათლებლო და ლინგვისტური პოლიტიკისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება და მიზნად ფრანგული ენის პედაგოგების 2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადების პროცესში დახმარებას ისახავს.

ფრანგული ინსტიტუტი 4 დღიან პედაგოგიურ ტრენინგში მონაწილეობას სასერტიფიკაციო გამოცდაზე ჩაწერილ ფრანგული ენის ყველა მასწავლებელს სთავაზობს.

ფრანგული ინსტიტუტის ინფორმაციით, ტრენინგი ორ ეტაპად გაიმართება.
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ტრენინგი 6-10 ივლისს, ხოლო კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ავტონომიის პედაგოგებისთვის 11-14 ივლისს ჩატარდება.

სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელ კანდიდატებს საშუალება ექნებათ დახვეწონ მოსმენილის და წაკითხულის გაგებისა და ზეპირად და წერილობით აზრის გამოხატვის უნარები, ასევე, გაიღრმავონ ცოდნა გრამატიკისა და ფრანგული ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. პედაგოგები საცდელ ტესტებსაც დაწერენ.

ტრენინგები უფასოა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაიმართება.

ბეჭდვა