წმინდა სინოდი მთავრობას სთხოვს, მათთვის, ვისაც ID ბარათის აღება არ უნდა, ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაუშვან
წმინდა სინოდი მთავრობას სთხოვს, მათთვის, ვისაც ID ბარათის აღება არ უნდა, ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაუშვან
20:50 05.07.2012
წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საერო ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ხალხის გამაერთიენებელი ძალა და მისი აღნიშნული ფუნქცია საქართველოს დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს დღეს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, წმინდა სინოდმა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთნ დაკავშირებული საკითხიც განიხილა და განაჩინა, რომ ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით გაგრძელდეს.
გარდა ამისა, სინოდის სხდომაზე ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების საკითხიც განიხილეს.
„წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“ - დაადგინა წმინდა სინოდმა.
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბეჭდვა