მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, რომელიც
პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრეს დაასახელა, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
