დიმიტრი ლორთქიფანიძე - ID ბარათის აღების თავსმოხვევა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობაა
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ID ბარათის აღების თავსმოხვევა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობაა
14:21 05.07.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე საპატრიარქოსთან შეკრებილი მოსახლეობის მოთხოვნას ID ბარათების გაუქმების თაობაზე, მხარს უჭერს.
როგორც ლორთქიფანიძემ „ნიუსპერსთან“ საუბრისას აღნიშნა, სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე, მათ შორის ID ბარათების თემაზე, საგულისხმო გავლენას მოახდენს.
მისი თქმით, ID ბარათების თემა არამხოლოდ იმ ნაწილისთვის გახდა საჭირბოროტო ვინც მის აღებას რელიგიური კუთხით მიზანშეუწონლად მიიჩნევს, არამედ იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ამ საკითხს სოციალური და სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის კუთხით უყურებს.
„ოცდაათი ლარი პირადობის მოწმობაში - ღირებულება რომელიც დევნილის დახმარებასაც კი, აჭარბებს მაშინ, როცა ალტერნატიული ფორმები არ არის, ადამიანის თავისუფალ ნებაზე სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის კონკრეტული ფაქტია“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ალტერნატიული ფორმების მიღებას არ აპირებს. მისივე თქმით, როდესაც ადამიანი იბადება მას სახელი, გვარი და პირადი ნომერი ენიჭება, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იდენტიფიცირებული სამოქალაქო აქტივობა განახორციელოს.
დეპუტატის ინფორმაციით, ელექტრონული პირადობის მოწმობის სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყენება მოქალაქის ნებაა. ამიტომ, მისთვის ბარათის აღების თავსმოხვევა, ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ნებაზე ძალადობაა.

ბეჭდვა