მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი წმინდა სინოდისგან ID ბარათების გაუქმებისა და ალტერნატიული საბუთების შემოღების გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს” მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის საორგანიზაციო ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა, მათ სამი მოთხოვნა აქვთ, თუმცა, ერთ-ერთზე, ქართულ ძეგლებთან დაკავშირებულ საკითხზე უკვე ბევრი ითქვა.
მისი თქმით, მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში აიძულებდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღებას.
„ხალხს პირადობებს ძალით აძლევენ, რადგან ადმინისტრაციული ზეწოლა არსებობს. მის გარეშე ვერც სკოლაში მოხვდები და ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებ. ამ ყველაფერს კი, უალტერნატივოდ, ნებაყოფლობის გარეშე აკეთებენ“ - აღნიშნა ნანობაშვილმა.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან ხალხი სწორედ ალტერნატიული საბუთების დაშვების მოთხოვნითაა შეკრებილი.
„აბსოლუტურად ყველამ იცის პატრიარქის აზრი და ყველამ იცის, რომ ის ალტერნატიული საბუთების მომხრეა, მაგრამ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა და წინ ვერ უდგებიან, თუმცა, მართლმადიდებლობა სწორედ ის არის, რომ ქრისტესი გეშინოდეს და არა ეშმაკის“ - განმარტა ზაზა ნანობაშვილმა.
მისივე თქმით, ID ბარათების შემოღებით ფულის ამოღება და ადამიანების კონტროლი უნდათ. ეს კი, მისივე შეფასებით, პირუტყვზე უარესი მდგომარეობაა.
საპატრიარქოში ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
