საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული ეპისკოპოსები ესწრებიან.
საპატრიარქოს შენობასთან მღვდელმსახურები და მრევლია შეკრებილი.
როგორც მათ განაცხადეს, ისინი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს ელოდებიან.
საპატრიარქოსთან შეკრებილები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა საკითხებს განიხილავს სინოდი, თუმცა, მათი თქმით, სავარაუდოდ, განსახილველ თემებს შორის ID ბარათებისა და სტუდია „ჯი-ენ-ესის“ მიერ მომზადებული„ კვირის რეპორტაჟია“.
გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ 1 ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. გადაცემის წამყვანის ნანა ლეჟავას ინფორმაციით, მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი, გიგი უგულავასგან პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალი ტონით საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც“. „ჯი-ენ-ესის“ სიუჟეტზე უგულავამ კომენტარი გააკეთა და ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.
წმინდა სინოდის სხდომა გეგმიურია და ის წელიწადში ორ-სამჯერ ტარდება.
