იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან დებატებში
მონაწილეობის მზაობას გამოთქვამს.
როგორც მინისტრი განმარტავს, გუშინდელი მისი შეფასება ომბუდსმენის საქმიანობისა ბოლო არ იყო.
ამასთან, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიერ გაკეთებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„ის არის 180 კაციან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ის ჩემმა განცხადებამ სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ყველა დეპუტატს, რომლებიც მისგან განსხვავებით დღე და ღამე მუშაობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და ამ მართლაც პატივსაცემ საკონსტუიტუციო ინტიტუტს ვეღარ აკადრონ ზედაპირულობა, ტყული და მიკერძოებულობა.
რაც შეეხება ბატონი უჩას საქმიანობას- მისი შეფასება ჩემი 17 წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯარო განცხადებით არ დამისრულებია. ამ საქმეს კიდევ შევაფასებ სანამ არის ომბუდსმენი და მაშინაც, როცა აღარ იქნება. თუ მისი სურვილი იქნება, როცა შეწყვეტს საქმიანობას, მზად ვარ მასთან საჯარო დებატიც გავმართო“-განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ციანიდის საქმეზე უჩა ნანუაშვილმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქმეზე მართლმსაჯულება ვერ განხორციელდა, რაზეც თეა წულუკიანმა კი ის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია.
