საქართველოს საპატრიარქომ პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მისი ოჯახისადმი
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამძიმრის წერილი გაავრცელა.
როგორც წერილშია ნათქვამი, მართალია ჯანსუღ ჩარკვიანმა რთული გზა განვლო, მაგრამ უფლის წინაშე ის როგორც მონანული და დიდი პოეტი, ისე წარდგა.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე.
მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა „სავანესა მართალთასა“ დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა“ - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს გარდაიცვალა. მას მთაწმინდის პანთეონში დღეს კრძალავენ.
