ნანა ფეიქრიშვილი - ან ყადაღა მოხსნან ან თავად უმკურნალონ ჩემ შვილს
ნანა ფეიქრიშვილი - ან ყადაღა მოხსნან ან თავად უმკურნალონ ჩემ შვილს
15:47 04.07.2012
მოქალაქე ნანა ფეიქრიშვილი მისი საბანკო ანგარიშიდან ყადაღის მოხსნას მოითხოვს, რათა ფონდ „ქომაგის“ მიერ გადარიცხული თანხით სარგებლობა და შვილისთვის სასწრაფო ოპერაციის გაკეთება შეძლოს.
ფეიქრიშვილი სხვა მოქალაქეებთან ერთად, რომელთაც მის მსგავსად დაუყადაღეს ანგარიშები, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც ფეიქრიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ფონდის მიერ ჩარიცხული თანხა 17 წლის ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდება, რომელიც მისი თქმით, მწვავე დისკოზის გამო, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
ფეიქრიშვილის თქმით, მან დახმარებისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან ჯანდაცვის დაზღვევის იმ პაკეტში, რომლითაც ის სარგებლობს, ამ ტიპის მკურნალობის დაფინანსება არ შედის.
ფეიქრიშვილს, მისივე თხოვნის საფუძველზე, „ქომაგმა“ ოპერაციისთვის საჭირო თანხა - 1 200 ლარი ჩაურიცხა.
აღსანიშნავია, რომ ნანა ფეიქრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, მას ორივე ფეხზე პროთეზი აქვს, ამასთან, ის და მისი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
„7 თვე ვიბრძოდი, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა მეშოვნა. როცა იმედი გადამეწურა, მარტო „ქომაგს“ კი არ მივმართე, რესტორნებში დავდიოდი და ბიზნესმენებს დახმარებას ვთხოვდი. უკვე დაღლილი ვარ, 12 წელი ხეიბრობაში გავატარე, მეტი აღარ შემიძლია. ან ყადაღა მომიხსნან და ან თავად უმკურნალონ ჩემს შვილს“ - განაცხადა მან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეიქრიშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრება.
„ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს პროკურატურამ ანგარიშები რამდენიმე დღის წინ დაუყადაღა. პროკურატურის ინფორმაციით, ფონდის მიერ დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევები დაფიქსირდა. პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით 15-მდე მოქალაქე დაკითხა. 
ბეჭდვა