სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ
საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი, დელეგაციასთან ერთად მიიღო.
საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძედა სხვა.
კერსტი კალიულაიდმა მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიღებისთვის.
საუბრისას მან გამოთქვა გულისტკივილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, მაგრამ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყანამ შესამჩნევ წინსვლას მიაღწია, რაც იმედს იძლევა იმისას, რომ საქართველო დაძლევს მის წინაშე არსებულ პრობლემებს. კერსტიმ აღნიშნა ისიც, რომ სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ის დამოკიდებულება, რაც საქართველოშია; კერძოდ ის, რომ აქ უფასო მკურნალობას გადიან სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტები.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ საქართველო დიდად აფასებს ესტონეთის მხარდაჭერას, საერთოდ ევროკავშირის თანადგომასა და დახმარებას. რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მეტად მძიმე განსაცდელია, მაგრამ ჩვენ იმედით შევყურებთ მომავალს.
