„ცენტრ - პოინტის“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ
„ცენტრ - პოინტის“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ
13:22 04.07.2012
სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები კომპანია „დექსუსის“ წინ აქციას მართავენ.

როგორც აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრმა ია ღონღაძემ განაცხადა, „დექსუსის“ წარმომადგენლები დაზარალებულებს დღემდე ატყუებენ.

„ვისი საცხოვრებელიც კომპანიის მიერ უკვე აშენებულია, კერძო საკუთრებაში არ ურეგისტრირებენ, რადგან დამატებით თანხის გადახდას ითხოვენ, მათ ფართები უყადაღდებათ. სასამართლო დავები ისევ დაზარალებულთა კისერზე გადადის. სასამართლო ცინიკურ გადაწყვეტილებას იღებს და თანხის 18%-ის დამატებასთან დაკავშირებულ საკითხს არ განიხილავს“ - განაცხადა ია ღონღაძემ.
მისი თქმით, „დექსუსი“ დაზარალებულებს 1 კვ.მ - ზე 100 აშშ დოლარის დამატებას სთხოვს. კომპანიის შეთავაზებით, აღნიშნული თანხა დაზარალებულებმა ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფარონ.
„ისინი, ვინც ახალ ხელშეკრულებას მოწერეს ხელი, ბინებში არ არიან შესული. ერთადერთი კორპუსი ხოშარაულის 29-ში აშენდა, აღნიშნულ კორპუსში შვიდ ოჯახს ბინები დაუყადაღეს“ - განმარტა ღონღაძემ.
მისივე თქმით, მათ დღეს „დექსუსის“ დირექტორთან გიორგი ქანანაშვილთან შეხვედრა ითხოვეს, თუმცა, მან შენობა დატოვა.
აქციის მონაწილეებმა შენობის დატოვების საშუალება არ მისცეს „დექსუსის“ წარმომადგენლებს ირაკლი კილაურიძეს და ივანე თაგურიას, რომლებსაც ამ წუთებში ხვდებიან.
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები მომდევნო აქციას 6 ივლისს, მთავრობის კანცელარისთან გამართავენ.

ბეჭდვა