არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ თბილისში გაეროს ოფისთან პარტნიორ არასამთავრობოებთან ერთად, გაეროს
გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციაზე ორგანიზატორებმა მიმართვის ის ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობას გაუგზავნა.
მიმართვის ძირითად მოთხოვნას გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერა წარმოადგენს.
„დევნილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების მიმართ გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი მხარდაჭერა ერთ-ერთი წინაპირობაა ამ ტრაგედიის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. იმედი გვაქვს, რომ თქვენ მხარს დაუჭრთ ამ რეზოლუციას და ამ გზით თანადგომას გამოხატავთ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის მიმართ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც „კოალიცია სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ თეა მაისურაძემ “ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნული მიმართვა შეხსენებაა იმისა, რომ დევნილებს უფლება აქვთ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
რეზოლუციის განხილვა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 66 - ე სესიაზე გუშინ გაიმართა. მას მხარი 60-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო 15 წინააღმდგეგი იყო.
