ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად მოწამლული 7 პაციენტი მკურნალობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ქირურგიის ცენტრში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
მედიკოსების განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქლორით ინტოქსიკაციის შედეგად, პაციენტებს სუნთქვის გაძლიერება, ჰაერის უკმარისობა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, იაშვილის, ღუდუშაურის, რეფერალურ და ქირურგიულ კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ინტოქსიკაცია ექვსმა მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო. ისინი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
