კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად მოწამლული მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება ამ დროისთვის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში.
როგორც „ნიუსპრესს“ ჰოსპიტალში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას მალე გაწერენ.
მედიკოსების განცხადებით, კლინიკაში წუხელ ქლორით მოწამლული 17 პაციენტი მოათავსეს. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, 16 მათგანი წუხელვე გაეწერა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებს სუნთქვის გაძლიერება, ჰაერის უკმარისობა, ყელის არეში წვის შეგრძნება და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად, წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ინგოროყვას საუნივერსიტეტო, იაშვილის, ღუდუშაურის, რეფერალურ და ქირურგიულ კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად, ინტოქსიკაცია ექვსმა მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო. ისინი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. მოიწამლა ორი ფეხმძიმე ქალბატონიც, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
