ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად მოწამლული 9 პაციენტი რჩება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღუდუშაურში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კლინიკიდან უკვე ეწერებიან.
მედიკოსების განცხადებით, საავადმყოფოში წუხელ ქლორით მოწამლული 12 მოქალაქე მოათავსეს. მათ შორის 2 ფეხმძიმე იყო. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, 3 პაციენტი უკვე გაწერეს.
მათი ინფორმაციით, პაციენტებს ჰაერის უკმარისობა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, იაშვილის, ღუდუშაურის, რეფერალურ და ქირურგიულ კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით რამდენიმე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
