ლილოს დასახლებაში კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად 56 ადამიანი მოიწამლა.
შემთხვევა ლილოს საქნავთის დასახლებაში გვიან ღამით, 23.00 საათისთვის მოხდა.
ქლორმა სპეციალური ავზიდან გაჟონა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტოქსიკაცია გამოიწვია. ქლორი ავზით ავტომობილს გადაჰქონდა. დაზარალებულებს ძირითადად სასუნთქი გზების პრობლემები აღენიშნებოდათ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის 15 ბრიგადა, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მომხდარიდან დაახლოებით 4 საათში ქლორმა ავზიდან ისევ გამოჟონა. შემთხვევა მისი უსაფრთხო ადგილას გადატანისას მოხდა. ამ ინციდენტის შედეგად, ინტოქსიკაცია კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ავზი უკვე სათანადოდაა შეფუთული და დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია.
ადგილზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დასახლებაში ჰაერი უკვე ნორმის ფარგლებშია.
შემთხვევაზე უკვე დაწყებულია გამოძიება. მომხდარ ფაქტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, ავზი, საიდანაც ქლორმა გაჟონა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფირმა „კრისტალს“ ეკუთვნოდა. იგი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერშია გამარჯვებული. მისი დირექტორი ლევან დაუთაშვილი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.
