Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება იძულებით გადაადგილებული პირების
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებლებიდან გამოსახლების დროს, საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2010 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ ათასობით დევნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დროებითი კოლექტიური საცხოვრებელი ცენტრებიდან გამოასახლა.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ, მათი გრძელვადიანი განსახლების გადაწყვეტილების ფარგლებში მოხდა.
„ხელისუფლებამ საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით გამოსახლების პრინციპებს პატივი არ სცა. კერძოდ, გამოსახლების დროს მათ იძულებით გადაადგილებულ პირებთან სათანადო ალტერნატიულ საცხოვრებლებთან და კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, კონსულტაციები არ გამართეს“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისთან გამართული კონსულტაციის დროს, საქართველოს მთავრობამ გამოსახლების პროცედურასთან დაკავშირებით ინსტრუქციები მიიღო, რის შედეგადაც აღნიშნულ საკითხში გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა, ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს.
„2011 წლის თებერვალსა და აგვისტოში ხელისუფლებამ ასობით ოჯახი გამოასახლა. ბევრმა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ ტერიტორიაზე დასაქმების პრობლემის შიშით გამოსახლებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი მაინც გამოასახლეს“ - ნათქვამია ანგარიშში.
Human rights watch-ის ინფორმაციით, საქართველოს 1990 და 2008 წლების კონფლიქტების შედეგად 246 000 იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს.
