„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები ხვალ აქციას გამართავენ
„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები ხვალ აქციას გამართავენ
19:27 03.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ხვალ კომპანია „დექსუსის“ ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „მენაშენეთა ასოციაციის“ გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, „დექსუსმა“ წლიური ანგარიში გამოუშვა, სადაც სრული სიცრუეა ასახული.
მისი თქმით, კომპანიას არცერთი დაზარალებული საცხოვრებელი ფართით არ დაუკმაყოფილებია.
„ახლა იმხელა ტყუილიც კი იკადრეს, რომ ერთ-ერთ მობინადრეს უთხრეს, დიდ დიღომში კორპუსს ვაშენებთო. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარ სიცრუეზე აგებული გამოძალვაა“ - განაცხადა ია ღონღაძემ.
მისი თქმით, „დექსუსმა“ ბევრ მობინადრეს ბინები დაუყადაღა. ამავე დროს, მათ სასარგებლოდ არაფერი სასიკეთო არ კეთდება.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

ბეჭდვა