კახეთში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სოფელი ფიროსმანის
მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო წყალაღების კვანძი ჩამკეტი ფარით და გისოსით, დამონტაჟდა ტუმბო აგრეგატები სიმძლავრით 1500 მ3/სთ. აწევის სიმაღლე 180 მეტრი. პროექტით ასევე დაგეგმილია ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა.
მიმდინარე ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ფიროსმანისა და სამთაწყაროს მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად.
მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
