ხულოს მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები
შექმნა. პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გადაადგილების კუთხით.
მეწყრული პროცესები გვიან ღამით დიდაჭარა-ღორჯომის საავტომობილო გზაზე განვითარდა, რისთვისაც ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. დილის საათებში მეწყერი კვლავ განმეორდა, თუმცა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოპერატიული მუშაობის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა არ შეფერხებულა. მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა, რის გამოც შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა.
ხულს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეფერხება შეიქმნა სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც მძიმე ტექნიკა მობილიზებული იყო და ამ დროისათვის გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. შედარებით მცირე მასშტაბის პრობლემები შექმნილია კიდევ რამდენიმე სოფელში რომელიც ეტაპობრივად აღმოიფხვრება.
ძლიერმა ქარმა სოფელ ქედლებში ნოდარ ჯორბენაძის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, სადაც მობილიზებულია „ენერგო-პროს“ ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ღურტის, ფაჩხისა და თხილვანის საბავშვო ბაღებში.
მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი, რომლის წევრებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა და მითითებები მისცა. შტაბის წევრები გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ სოფლებში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას და ხდებოდა შესაბამისი რეაგირება.
