საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო
ასოციაციის“ 43-ე კონფერენცია ხვალ, 6 ოქტომბერს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა წელს პირველად საქართველოა. 40-მდე ქვეყნის 250-მდე განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტი ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავს, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს სისტემა სამართლიანი საგანმანათლებლო გარემოს შეფასების შესაქმნელად; რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალიწინებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს სოციალური უთანასწორობის დაძლევასა და სხვ.
უწყების ცნობითვე, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და მსჯელობენ ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვაზე.
კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბათუმში ტარდება.
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს. იგი საგანმანათლებლო კონფერენციებს ყოველწლიურად ატარებს.
მომავალ, 2018 წელს „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 44-ე კონფერენციის მასპინძელი ოქსფორდის უნივერსიტეტი იქნება.
