ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტური თეფშების რეგიონებში დარიგებას ერთ კვირაში დაიწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიის გენერალურმა
დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა, აქციის მიზანი „მაესტროს“ მაუწყებლობის არეალის გაზრდაა.
კიკაბიძის თქმით, ტელეკომპანია თბილისის მასშტაბით მაუწყებლობს და რამდენიმე საკაბელო ოპერატორის გარდა, თითქმის, მთელ თბილისს ფარავს, ამასთან, Must carry-ს პრინციპების შემოღების შემდეგ, მას აღნიშნული საკაბელო კომპანიებიც ჩართავენ, თუმცა, ეს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მოხდება.
„ჩვენი ძირითადი საქმიანობა სატელევიზიო სფეროა და დაინტერესებული ვართ, მაყურებელი რეგიონებშიც გვყავდეს, ვინაიდან, რეგიონებში „მაესტროზე“ დიდი მოთხოვნაა“- განაცხადა კიკაბიძემ.
მისივე თქმით, „მაესტრო“ სატელიტურ თეფშებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, მოსახლეობის სურვილის მიხედვით დაარიგებს. პროცესი, დაახლოებით, თვენახევარი გაგრძელდება.
პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით ზუსტად განსაზღვრული არ არის.
ამასთან, კიკაბიძის თქმით, იგეგმება არხის რებრენდინგი. „მაესტრო“ სექტემბრიდან ეთერში ახალი შეფუთვით, განახლებული პავილიონებით და გადაცემებით წარსდგება.
