სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის
მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადასცა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება. ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია (მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები გადაეცემა.
უწყების ინფორმაციითვე, მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. მათი დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში.
