თბილისში პირველად, ევროპული პროგრამის „eTwinning Plus”-ის საერთაშორისო სემინარი ტარდება
  თბილისში პირველად, ევროპული პროგრამის „eTwinning Plus”-ის საერთაშორისო სემინარი ტარდება
13:46 04.10.2017
თბილისში, პროგრამა “eTwinning Plus”-ის ფარგლებში, პირველი კონტაქტური სემინარი გაიხსნა, რომელშიც ქართველი მასწავლებლების გარდა, ევროპის 10 ქვეყნიდან (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, თურქეთი, უნგრეთი, უკრაინა, აზებაიჯანი) 52 მასწავლებელი და პროგრამის კოორდინატორები მონაწილეობენ.
სემინარის სპეციალური მომხსენებელია ბრიტანული საბჭოს წარმომადგენელი, eTwinning-ის ამბასადორი კრის ვილიამსი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სარგებელზე გააკეთებს მოხსენებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტაქტური სემინარის მიზანი საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მასწავლებლების მოტივირება, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოვლენაა.
3-დღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებს შეეთავაზებათ სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატური შეხვედრები, რომლებსაც როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ამბასადორები გაუძღვებიან.
სემინარის პროცესში გათვალისწინებულია მასწავლებლების ჯგუფების ჩამოყალიბება ინტერესების მიხედვით და მათი ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა სასწავლო პროექტის გეგმაზე. სემინარის დასასრულს პროექტის გეგმები განთავსდება eTwinning-ის პორტალზე, ხოლო მასწავლებლები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ საკლასო ოთახებში განახორციელებენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლის მარტის თვიდან ახორციელებს სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვისა და ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების პროგრამას. პროგრამა ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ითანამშრომლონ, გაუზიარონ იდეები და სასწავლო პროექტები განახორციელონ.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს, პროექტებით სწავლების დანერგვასა და ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში დღესდღეობით საქართველოს 600-მდე მასწავლებელი 300 სკოლიდან არის ჩართულია.
ბეჭდვა