ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა
„Agro Batumi 2017” გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ხულოს მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. ტრადიციული კერძები, ადგილობრივი პროდუქცია, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტები გამგეობის და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა ფართო მომხმარებელს გააცნეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.
საერთაშორისო გამოფენას ბათუმის ყინულის სასახლე სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
„Agro Batumi 2017” აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით გაიმართა.
