განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო
ექსპერტებთა ორი ჯგუფი ესტუმრა.
მასარიკის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი, ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი მილან პოლი (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ჯგუფის სხვა წევრ ექსპერტებთან ერთად 3 ოქტომბერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი და საერთაშორისო განათლების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამას შეაფასებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი, კვიპროსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი ჯორჯ ანჯელოს პაპადოპულოსი (საბერძნეთი), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორთან, აზირ ალიუსთან (სკოპიე, მაკედონია) ერთად 3 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას შეაფასებს. ასევე, 4 ოქტომბერს დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიდ მონაცემთა სისტემების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ორივე ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.
უწყების ცნობით, 2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.
აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების პროცესში ჩართვა, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება.
