ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფრომაციით, პროექტის ფარგლებში, ბორდიურები, ტროტუარები მოეწყო და გზის სავალ ნაწილზე, 2 000 კვ.მ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე წყალსადენის ცენტრალური ქსელი შეცვალა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ასევე, გამგეობის დაფინანსებით, ზვარეთის ქუჩის მეორე მხარეს გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
