მარნეულში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა
მარნეულში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა
15:59 29.09.2017
ქართული ღვინის კვირეული დღეს მარნეულის ცენტრში “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა.
სოფლის მეურნების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა.
სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს.
„სწორედ აქ, ამ მიწაზეა აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მოგვცა ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება. სწორედ ეს ექსპონატებია წარმოდგენილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამოფენაზე „საქართველო - ღვინის აკვანი“, რაც გვაძლევს სიამაყის საფუძვლზე. ჩვენ აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ და ტრადიციად დავამკვიდროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა მარნეულში“- აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
უწყების ცნობით, ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში და ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა მოეწყო.
ღვინის კვირეულის ფარგლებში, პირველ ოქტომბერს თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, გაიმართება ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, 7-8 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში, რიყის პარკში „შემოდგომის ნობათის“ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. 7 ოქტომბერს თელავში, ღვინის ფესტივალი „თელავინო“ აღინიშნება, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება გაიმართება.





ბეჭდვა