საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან
დაკავშირებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორია ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციების მიზანი საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაციაა.
"ღია კარის დღის" ფარგლებში, მოსწავლეებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ და სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში ჩართვის შესაძლეობლობაც მიეცათ.
უწყების ცნობით, ღია კარის დღე ლაბორატორიის მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიასა და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში ჩატარდა. შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.
