თბილისში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ახალი მიკროავტობუსებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა.
დღეიდან თბილისელების გადაადგილებას 2 464 ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსი უზრუნველყოფს,
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ აღებული ვალდებულება შეასრულა და მანქანების ჩამოყვანის პარალელურად, სამუშაო ადგილები შეუნარჩუნა ყველა იმ მძღოლს, რომელიც ადრე ძველ მიკროავტობუსზე მუშობდა.
ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ტრადიციულთან ერთად, საბარათე სისტემითაც არის შესაძლებელი. მანქანებში დამონტაჟდა შესაბამისი აპარატურა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მგზავრობის ღირებულება იგივე ელექტრონული ბარათით გადაიხადოს, რომლითაც მუნიციპალურ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსსა და საბაგიროში სარგებლობს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 1 ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებში სავალდებულო გახდა კონდიცირების სისტემის ჩართვა, რაც კომპანიის მიერ მკაცრად კონტროლდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კომპანია „თბილისი მიკროავტობუსის“ ავტოსადგომი დაათვალიერა, სამარშრუტო ტაქსების გამართულობა პირადად შეამოწმა და აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
