აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ.
ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში უნივერსიტეტის ყოველწლიურ სიახლეებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონისა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალი თაობის განათლების მნიშვნელობას.
,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და პირველკურსელებს. სასიხარულოა, რომ ბათუმის უნივესიტეტი ყოველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლითა და სტუდენტით ხვდება. ჩემთვის, როგორც აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარისათვის, ჩვენი რეგიონის მთავარი საგანმანათლებლო კერის წინსვლა და წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული თქვენგანის შრომისმოყვარეობაზე, განათლების განვითარებისაკენ სწრაფვასა და მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე სწავლებაზე" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, წელს, ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, საერთო საცხოვრებლისა და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს. ახალი სასწავლო წლისათვის უახლესი აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია ამოქმედდება.
2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში 1241 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 87-მა მიიღო, ხოლო, 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000-მდე სტუდენტი სწავლობს.
