საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადების პროცესში ჩართვას მოითხოვს.
ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პროფკავშირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ დღემდე ამ საკითხებზე მათთან კონსულტაციებიც კი არ მიმდინარეობს.
„პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის ნაკლოვანებები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შემაფერხებელი გარემოებაა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“ - ნათქვამია განცხადებაში.
პროფკავშირების ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლები ბრიუსელში, ევროპის პროფკავშირების კონფედარაციის ETUC და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ITUC წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, მათ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ხელისუფლება შრომის კოდექსის დისკრიმინაციული მუხლების შეცვლას და სხვა ნაკლოვანებების გამოსწორებას აპირებს, რათა შრომითი კანონმდებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს.
განცხადებაში პროფკავშირები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ 24 იანვარს ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტში გამართულ მოსმენაზეც აიღო შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ვალდებულება.
გაერთიანება მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ცვლილებების პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში აქტიურად უნდა ჩართოს პროფკავშირების გაერთიანება.
